ზურაბ ადეიშვილი

ადეიშვილი: წინა ხელისუფლებას ჩვენი დარღვევების მიმართ ნაკლები ტოლერანტობა უნდა გვქონოდა

YouTube/ ნიკას არხი/Nika's channel

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ მისი, ისევე, როგორც მთელი წინა ხელისუფლების ერთერთი მთავარი შეცდომა იყო, რომ მეტისმეტად ტოლერანტულები იყვნენ საკუთარი დარღვევების მიმართ. 

ამის შესახებ ადეიშვილი თავის ყოფილ მოადგილეს, ნიკა გვარამიას, ინტერვიუში ესაუბრა, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა, იქ, სადაც ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული. 

გვარამიამ ადეიშვილის ჰკითხა, რა იყო მისი, როგორც ჩინოვნიკის მთავარი მიღწევა და მთავარი შეცდომა. ადეიშვილის თქმით, მიღწევებზე საუბარი პირველ პირში უხერხულია, თუმცა დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, მან მთავარ მიღწევად იუსტიციის სახლები გამოყო. 

"რაც შეეხება შეცდომას, ჩვენი და მათ შორის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ორი. ერთი ის, რომ იმ პროცესში, როცა ახალ სახელმწიფოს ვაშენებდით, განათლებაში საკმარისი ფული არ ჩავდეთ, რომ შეგვეცვალა პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური კლასი. თუ განათლებაში სათანადო ინვესტიციები არ იქნება, რომ შექმნა ახალი პოლიტიკური ელიტა, ის სახელმწიფო განწირულია. 

მეორე შეცდომა არის ის, რომ უფრო ნაკლები ტოლერანტობა უნდა გვქონოდა ჩვენი დარღვევების მიმართ. იყო ასეთი ნარატივი ჩვენზე, რომ ვართ დაუნდობელი, სისხლის მსმელი ადამიანები, რომლებიც სჯიან... როცა საქმე საქმეზე მიდგება, რაზე ლაპარაკობენ, ხო? იმაზე, რომ კონკრეტულ საქმეში არ დაისაჯა კონკრეტული სამართალდამრღვევი, არ იყო გამოძიებული რომელიღაც კორუფციული სქემა... უფრო მეტად ლაპარაკობენ, რომ შექიმნა რაღაც ტიპის ორმაგი სტანდარტი. თუმცა, მგონია, რომ გავაკეთე იმდენი, რაც ერთ ადამიანს შეეძლო, გაეკეთებინა," - თქვა ადეიშვილმა. 

ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, არის თუ არა მისი და წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების ბრალი ის, რომ ახლა ბუდაპეშტში პოლიტიკური თავშესაფრით იმყოფება, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა, რომ ნაწილობრივ ამის ბრალიცაა. 

კომენტარები