ოკუპირებული ცხინვალი

დუმა ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებთა მიმართ საქართველოს "გენოციდის" საკითხს განიხილავს

Reuters

რუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების "გენოციდის" საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოროდინმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. 

"სახელმწიფო სათათბიროში ყურადღებით მოეკიდნენ სამხრეთ ოსეთის [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი] პარლამენტის განცხადებას, გამოიძიონ 1920 წელს ქართველთა მიერ აქ მცხოვრებთა გენოციდი. ამ საკითხს სახელმწიფო დუმის შემდეგ სხდომაზე განვიხილავთ, მას სათათბიროს ხელმძღვანელები, ყველა პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელი და კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრებიან," - თქვა ვიაჩესლავ ვოროდინმა. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პარლამენტმა რუსეთის დუმას ქართველების მიერ რეგიონში მცხოვრებთა "გენოციდის" საკითხის განხილვაზე განცხადებით 10 დღის წინ მიმართა. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ "ის, რასაც ქართული რაზმები 1919-20 წლებში ოსეთში აკეთებდნენ, დღეს ზუსტად ის არის, რასაც გენოციდს ვუწოდებთ". 

აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეულ ვერსიას ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გამოეხმაურა.  

"1918-1920 წლებში ოსეთში ქართველებმა ფაქტობრივად გენოციდი მოაწყვესო. რა ხდებოდა სინამდვილეში? ბოლშევიკური აჯანყება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ ჩაბმულნი, დადასტურებულია მათი კოორდინაცია საბჭოთა რუსეთთან. სახელმწიფომ რამდენჯერმე ჩაახშო ეს აჯანყება, ბოლოს ცოტა მკაცრად, მაგრამ ეს სიმკაცრე იმის ერთ პროცენტს არ წარმოადგენდა, როგორც ახშობდნენ აჯანყებებს და სხვადასხვა ტიპის გამოსვლებს თავად ბოლშევიკები რუსეთში," - წერს ისტორიკოსი. 

კომენტარები