საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა ქალებს მეურვის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება მისცა

Getty Images

საუდის არაბეთმა ქალებს მეურვის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება მისცა.

ახალი ბრძანებით 21 წელს გადაცილებულ ქალებს პასპორტის აღება და მოგზაურობა მეურვე მამაკაცის თანხმობის გარეშე შეუძლიათ.

ბრძანება ასევე აძლევს ქალებს ბავშვის დაბადების, ქორწინების და განქორწინების დარეგისტრირების უფლებას.

ახალი რეგულაციებით, რომელიც ადგენს, რომ ყველა მოქალაქეს აქვს მუშაობის უფლება და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს, ქალების დასაქმება და დასაქმებულთა უფლებები უნდა გაიზარდოს.

ამ დრომდე საუდელ ქალებს პასპორტის ასაღებად და მოგზაურობისათვის კაცი მეურვის - ქმრის, მამის, ძმის ან სხვა მამრობითი სქესის ნათესავის თანხმობა სჭირდებოდათ.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა შეზღუდვების ნაწილი უკვე გააუქმა. ქალებმა მიიღეს მანქანის მართვის და სპორტულ ღონისძიებებზე ოჯახთან ერთად დასწრების უფლება. გარდა ამისა ქვეყანამ ქალებზე ტურისტული ვიზების გაცემა დაიწყო მეურვეების თანხმობის გარეშე.

მიუხედავად ამისა, ცვლილებების დაწყების შემდგომაც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დისკრიმინაციის გამო ქალები საუდის არაბეთიდან გამოიქცნენ და თავშესაფარი სხვა ქვეყნებს სთხოვეს. იანვარში კანადამ თავშესაფარი მიანიჭა 18 წლის გოგოს, რომელიც ოჯახს გამოექცა და ბანგკოკის აეროპორტის სასტუმროში იმალებოდა. აპრილში საუდელი დები მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიები ოჯახს საქართველოში გამოექცნენ. მათ თავშესაფარი უკვე მიიღეს და საქართველო დატოვეს.

ასევე აღსანიშნავია უფლებადამცველების დაკავება, მათ შორის მათი, ვინც წლების მანძილზე ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მიცემისათვის იბრძოდნენ.

დაკავებულთა შორის არის სამოქალაქო და ქალთა უფლებების დამცველი სამარ ბადავი, რომელსაც 2012 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ათწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბადავის ძმასაც, რომელიც საკუთარ ბლოგზე ქვეყნის სასულიერო პირების გაკრიტიკების გამო საჯაროდაც გაამათრახეს.

ამჟამად ადამიანის უფლებათა 5 აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი ქალია, და იმ შემთხვევაში, თუ მას სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯიან, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, ვისაც სიკვდილით დასჯა ამ მიზეზით გასამართლების შემდეგ მიესაჯა. Human Rights Watch-ის მიხედვით შიიტი აქტივისტი ქალი და მისი მეუღლე 2015 წელს ტერორიზმში დაადანაშაულეს, თუმცა ისინი მხოლოდ მშვიდობიან აქტივიზმში იყვნენ ჩართული და ძალადობრივ ქმედებებში არ არიან შემჩნეული.

კომენტარები