ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია: დანაშაული არ ჩამიდენია, რომც ჩამედინა, კვალს არ დავტოვებდი, კარგი იურისტი ვარ

ტაბულა

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც ის რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის სარჩელის საფუძველზე დაიკითხება. 

გვარამია ამბობს, რომ მას ამ დაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია.

"რასაც მკითხავენ, იმაზე ვუპასუხებ. რაც მახსოვს თან იმიტომ, რომ ლაპარაკია 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, როგორც იცით და ყველა კომპანიაში ეს ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს, ყველაფერს ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი ის, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომც ჩამედინა, იურისტი ვარ და ვიცი, როგორ არ დავტოვო კვალი, თან ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ. მითუმეტეს, უდანაშაულობის შემთხვევაში მე არანაირ კვალს არ ვტოვებ,"- თქვა გვარამიამ.

მისივე თქმით, ის უშვებს, რომ დააკავებენ. 

საქმე ეხება რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს. ის ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უჩივის.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები