8 NGO კუპრავასთვის პატიმრობის მისჯაზე: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით საშიშია

პარლამენტი

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით საშიშია. 

"მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა უდავოდ წარმოადგენს დაცვის ღირს ინტერესს, რომლის გამოც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა საგანგაშოდ მივიჩნევთ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყეებას მაშინ, როდესაც პირი განცხადებას აკეთებ სასამართლო დარბაზის გარეთ და იგი არ უშლის ხელს არც მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობასა, თუ მიუკერძოებლობას. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იმის გამო, რომ თავად განცხადება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომელიც ერთი მხრივ, იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, მეორე მხრივ კი, აკისრებს თმების ვალდებულებას მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმული (მათ შორის, შეურაცხმყოფელი) განცხადებების მიმართ,"- წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 1 აგვისტოს მიღებული განაჩენი ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების ფონზე. კერძოდ, ორგანიზაციების თქმით, გასათვალისწინებელია ხელისუფლების ორგანოებისა, თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან მომდინარე მზარდი სურვილები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შეზღუდვისკენაა მიმართული, რომლის მიზანიც საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობაა. 

"ამავდროულად აღსანიშნავია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრები და მის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რაც დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ზოგადად სასამართლო სისტემაში გამოხატვის თავისუფლების მიმართ დაბალ მგრძნობელობაზე მიუთითებს. ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ ზვიად კუპრავა ოპოზიციურად განწყობილი პირია, რომელიც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ აქციებში ზაზა სარალიძესთან ერთად. ეს კი მის მიმართ სამართლის შერჩევითად გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს,"- წერს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და მედიის განვითარების ფონდი (MDF). 

1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი ზვიად კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდა ფაქტს - გამოძიების ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, თუმცა, 2019 წლის თებერვალში, "ახალი დანაშაულის ჩადენის გამო", გირაო პატიმრობით შეეცვალა.

"სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. 

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც" - აცხადებდა შსს თებერვალში.

კომენტარები