რუსეთი

მოსკოვის პროკურატურა ოპოზიციას აფრთხილებს, არ ჩაატარონ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქცია

ევგენი ფელდმანი / მედუზა

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია.

ოფიციალური გაფრთხილება აქციის ორგანიზატორისა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტის, ლიუბოვ სობოლის, მიმართ გამოიცა, რომელიც მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატია. 

"ნებისმიერი მცდელობა, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს მოსკოვში ჩატარდეს მასობრივი, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საჯარო ღონისძიება კანონის პირდაპირი დარღვევაა. სამართალდამცავი ორგანოები იძულებულები იქნებიან, რომ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ აღკვეთონ პროვოკაცია, მასობრივი უწესრიგობა, თუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისკენ ან შექმნის მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების წინაპირობას,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მოსკოვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას ლიუბოვ სობოლმა უკვე უპასუხა და თქვა, რომ ის მაინც გამოვა აქციაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა გაფრთხილებაა გაცემული მის წინააღმდეგ. 

"მირეკავენ ჟურნალისტები, პროკურატურის გაფრთხილებაზე მეკითხებიან. კიდევ ერთხელ: მე არ მეშინია და 3 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოვალ," - დაწერა სობოლმა Twitter-ზე. 

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

ლიუბოვ სობოლმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 3 აგვისტოს მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდნენ. მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციაზე ნებართვას არ გასცემენ. 

კომენტარები