უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მიქაუტაძე: ზარდიაშვილთან ვმეგობრობ, ამის გამო დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება

გიორგი მიქატუაძე

იუსტიციის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი მისი დიდი ხნის კარგი მეგობარია. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს ნაზი ჯანეზაშვილმა 2019 წლის 29 იანვარს ტაბულას მიერ გავრცელებული ფოტოს შესახებ ჰკითხა. 

ამ დღეს გიორგი მიქაუტაძე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ ქართული ოცნების დეპუტატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს, ასევე, საბჭოს სხვა წევრებს და მოსამართლეებს შეხვდა. 

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან. 

გიორგი მიქაუტაძემ დღეს თქვა, რომ ვანო ზარდიაშვილი მისი მეგობარია უნივერსიტეტში სწავლის პირველივე კურსიდან, მეგობართან შეხვედრა კი მისი დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი ვერ იქნება. 

"ვანო ზარდიაშვილი ჩემი მეგობარია უნივერსიტეტიდან, პირველი კურსიდან. 

მიხეილ ჩინჩალაძე ჩემი კოლეგაა. ბატონი მიშა გავიცანი უზენაეს სასამართლოში, როდესაც პროკურატურიდან გადმოვედი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ისტორია იყო, პროკურატურიდან ყოველთვის მომიწევდა სასამართლოსკენ გული და მქონდა მანამდეც მცდელობა, თუმცა, ვერ გავაკეთე. დაახლოებით 6 თვე თუ 1 წელი გავიდა, კიდევ ერთხელ ვცადე და გადავედი უზენაეს სასამართლოში სამუშაოდ. მაშინ გავიცანი პირველად ეს ადამიანი და იმის შემდეგ ვიცნობ, დიახ.

სადღაც ღამე არა, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა ახლოდან რომ გადაეღოთ, სამახსოვრო ფოტო იქნებოდა და სიამოვნებით შევინახავდი. ადამიანი შეხვდეს თავის მეგობარს, არ უარვყოფ, ვანო ზარდიაშვილი არის ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარი და ვხვდები ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რესტორანში შევხვედრივართ და ეს ფაქტი როგორ უნდა შევცვალოთ. ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ სამსახურს თავი, ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ მეგობრობას თავი. თქვენ რას მთავაზობთ/. არ ვაპირებ, ქალბატონო ნაზი, არც ერთს და არც მეორეს, იმიტომ რომ მე ჩემი საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არანაირი საფუძველი არ მივცე არც ერთ მოქალაქეს, არც ერთ დაინტერესებულ პირს იმისთვის, რომ შესაძლოა მე არასწორი გზით ვიყენებდე კონტაქტებს. 

როცა ასეთი ეჭვი ჩნდება, იქ უნდა იყოს საკმარისი მტკიცებულება, ელემენტარული სახის მტკიცებულება იმისთვის, რომ გამყარებული იყოს ეს ეჭვები, სხვაგვარად ეს მიჩნეული იქნება უსაფუძვლოდ და ვერ იქნება მხედველობაში მიღებული და ასეთი მტკიცებულების არსებობას მე, ჯერჯერობით ვერ ვხედავ. 

გადაგვიღო ვიღაცამ ეს ფოტო. ძალიან ბევრ სახელმწიფო უწყებაში მყავს მეგობრები. უნივერსიტეტში ვსწავლობდი 800 სტუდენტთან ერთად იურიდიულ ფაკულტეტზე და არ ვარ მე ჩაკეტილი ადამიანი, ამ საზოგადოების წევრი ვარ, ქალბატონო ნაზი, და ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, ძალიან მიყვარს ადამიანური ურთიერთობები და იმისთვის ვშრომობთ და ვწვალობთ, რომ ცხოვრების ის მეორე ნაწილი, რომელიც ამ შენობების და ჩვენი ოფიციალური სამსახურის გარეთ არის, იყოს წესრიგში. ამისთვის ვშრომობთ საბოლოო ჯამში. ეს თქვენთვისაც ასეა, ჩემთვისაც და ყველასთვის და არ შეიძლება მხოლოდ იმ საფუძვლით, რატომ იდექი რუსთაველზე ადამიანთან ერთად დააყენო ეჭვქვეშ ადამიანის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მე ამას არ მივიღებ და ყოველთვის მექნება საწინააღმდეგო არგუმენტები", - თქვა გიორგი მიქაუტაძემ. 

იანვარში ვანო ზარდიაშვილმა იმავე შეხვედრის შესახებ თქვა, რომ გავლენიან მოსამართლეებს მეგობრის ოჯახის წევრის გარდაცვალების საკითხზე ესაუბრებოდა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ

როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები