ლარის გაუფასურება

ბახტაძე: ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემერმინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც "ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი."

"ლარის კურსი გაუფასურების შემდეგ უკვე ორი დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს და პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი. ეს დაადასტურა ორი დღის წინ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც ეკონომიკური ზრდის შესახებ." - თქვა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ცნობით, 2019 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით, ხოლო წლის მეორე კვარტალში 4.9%-ით გაიზარდა.

ბახტაძემ ასევე ისაუბრა გასული კვირების განმავლობაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გავლენაზე ეროვნული ვალუტის კურსზე:

"ამას, [ლარის გაუფასურებას] სამწუხაროდ ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და შესაბამისად, ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა."

ნახეთ - 2009 წელს, როცა რუსთაველი საკნებით იყო გადაკეტილი, ლარი დოლართან მყარდებოდა

პრემიერის თქმით, იმედოვნებს, რომ "ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს." ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ დაახლოებით რამდენია ეს ნიშნული.

ბოლო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9296 ლარს შეადგენს. გუშინ, პირველ აგვისტოს, ლარი დოლართან 4.22 თეთრით გამყარდა. ლარის გამყარება მოსდევს ეროვნული ბანკის 31 ივლისის გადაწყვეტილებას სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გატანის თაობაზე. როგორც 1 აგვისტოს გახდა ცნობილი, გამოტანილი 40 მილიონიდან 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

ლარის კურსს უკვე ერთ თვეზე მეტია გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრითაა გაუფასურებული.

კომენტარები