c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვამდე საჭირო კვლევები უფასო გახდება

reuters

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვამდე საჭირო კვლევები, რომლებიც დიაგნოზის დასმამდეა საჭირო, უფასო გახდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ეს საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადის, სადაც მაღალი ალბათობით, დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

"საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, პერიოდულად ჩვენ ვახორციელებთ მასში გარკვეულ ცვლილებებს. ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 160-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს სერვისიც გახდება უფასო", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. ამ წამლების ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, მათგან 44 000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის მედიკამენტებს "სოფოსბუვირი" და "ჰარვონი". საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებზე ასევე უფასოდ გასცემენ დამხმარე მედიკამენტებს: პეგილირებულ "ინტერფერონსა" და "რიბავირინს".

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას. C ჰეპატიტის სკრინინგი, კონფირმაციული ტესტი და გენოტიპის კვლევა აქამდეც 100%-ით ფინანსდებოდა. სხვა სამედიცინო კვლევებს სახელმწიფო სრულად მხოლოდ სოციალურად დაუცველებს უფინანსებდა, ვეტერანებს 70%-ით, სხვა მოქალაქეებს კი 30%-ით. სწორედ ეს გახდება უფასო.

კომენტარები