ავღანეთი - აშშ

აშშ თალიბანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ავღანეთიდან 6,000-მდე ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს

FoxNews

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ავღანეთიდან 6,000-მდე ჯარისკაცის გამოსაყვანად ემზადება.

ამჟამად ავღანეთში 14,000 ამერიკელი სამხედროა, რაც 8-9 000-მდე შემცირდება, იმ რაოდენობამდე, რაც დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პორტის დაკავების დროს იყო.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფს ალ-ქაიდას და დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.

გეგმა თალიბანთან ზალმაი ხალილზადის, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა. ის მოლაპარაკებების საწარმოებლად დონალდ ტრამპმა დანიშნა. შეთანხმება ავღანეთში სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შედგეს.

ხალილზადმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კატარში უახლოეს პერიოდში გაიმართება. შესაძლოა ამ შეხვედრაზე აშშ-ის სამხედრო ძალების კიდევ უფრო შემცირებაც განიხილონ.

თალიბანი ამ დროისათვის ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, მათ მარიონეტულ რეჟიმს უწოდებს და ამბობს, რომ პირველ რიგში აშშ-სთან მათი ჯარების თაობაზე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

პენტაგონის სპიკერმა შონ რობერტსონმა თქვა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს ჯარის გამოყვანის თაობაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია.

მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ არის დარწმუნებული მოხერხდება თუ არა ავღანეთიდან ყველა ამერიკელი სამხედროს დაბრუნება აშშ-ის 2020 წლის არჩევნებამდე.

გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ ტრამპი ავღანეთის დატოვებასაც გეგმავდა, თუმცა შემდეგ მან თქვა, რომ თუ რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდებიან სამხედრო ძალებს დააბრუნებს.

აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ არიან. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია. 2014 წელს ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით სამხედრო ოპერაციები ოფიციალურად დასრულდა და მას შემდეგ ისინი მთავრობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში უჭერენ მხარს. 2015 წლის შემდეგ ავღანეთში 65 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები