ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ჩინური არმიის პროპაგანდულ პრომო ვიდეოში მომიტინგეებს არბევენ [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: nytimes

"ჩინეთის სახალო-განმათავისუფლებელი არმიის" 92-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჰონგ-კონგში ჩინეთის არმიამ პროპაგანდული პრომო ვიდეო გამოუშვა, სადაც ერთერთ მონაკვეთში ჩანს, თუ როგორ არბევენ ჯარისკაცები მომიტინგეებს. 

"ყველა შედეგზე თქვენი რისკის ფასად აგებთ პასუხს," - გაიძახის ერთერთი ჯარისკაცი კანტონურად

მიტინგის დარბევის მონაკვეთში ტანკებს, წყლის ჭავლის მანქანასა და დაკავებულ მოქალაქეებს ვხედავთ.

სავარაუდოდ, ვიდეო ჰონგ-კონგში გადაიღეს, რადგან ჯარისკაცები ადგილობრივ კანტონურ დიალექტზე საუბრობენ, ვიდეოში ჰონგ-კოგის ტაქსიც ჩანს.

ამ დრომდე, ჰონგ-კონგში ჩინური არმია პატრიოტული შინაარსისა და მომღიმარი სახის ჯარისკაცების ფოტოებს აზიარებდა. 

აშშ-ში ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო თავის Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა ახალ ვიდეოს:

"ჩინეთის არმიამ ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჯარისკაცები მომიტინგეებს თავს ესხმიან. თუ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას თავის ხალხზე თავდასხმა შეუძლია, წარმოიდგინეთ რას უზამს სხვა ეროვნების წარმომადგენლებს".

ჰონგ-კონგში არმიის უფროსმა თქვა, რომ არეულობამ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ჩინეთის ჰონგ-კონგისა და მაკაოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იანგ კუანგმა ჰონგ-კონგში "რადიკალების მიერ ჩადენილი ბოროტი და კრიმინალური აქტები "დაგმო.

უკვე თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზითა, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბიეს. აქციის მონაწილეებს პროჩინელი მოძალადეთა ჯგუფიც დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები