რუსული ფრენების დაფინანსება

"შვილიშვილმა ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა მამიდაშვილი" - ბახტაძე რუსეთიდან ფრენების დაფინანსებაზე

მამუკა ბახტაძე

"შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი," - პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბიუჯეტის ფულით რუსეთიდან ფრენების დაფინანსების საკითხს აფასებს. პრემიერი ამბობს, რომ ტურიზმის სექტორის დახმარება ამ ინიციატივაში ნომერ პირველი პრიორიტეტი არ ყოფილა და 600 000 ევროიანი დახმარებით ტურიზმის სფეროში შექმნილი პრობლემები ვერ დაიძლეოდა. 

"მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინციატივის. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო სწორედ ტურისტული კომპონენტი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხიმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში, ბევრი ადამიანი გეგმავდა და გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში თავის ოჯახთან. შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, ჩვენ გვერდით ამოვუდგეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იქმნება. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს. მაგრამ სამწუხაროდ ნებისმიერ, თუმდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას, ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ მართლა უნიკალური ფანტაზიის ნაყოფის შედეგია ეს ყველაფერი. ტურიზმის სექტორის დახმარება ამაში არ იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი. 600 000-იანი დახმარებით, როგორ ფიქრობთ ის პრობლემა, რაც შეიქმნა ქართულ ტურიზმში დაძლევადი იქნებოდა?! ეს ხომ ძალიან ელემენტარულია და მარტივია," - ამბობს პრემიერი. 

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ფარგლებში, სახელმწიფო გააფორმებს ხელშეკრულებას ავიაკომპანიასთან, რომელიც ფრენებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან განახორციელებს. ასეთ მიმართულებებად ითვლება რუსეთი-ერევანი-თბილისი-რუსეთისა და რუსეთი-ერევანი-ბათუმი-რუსეთის რეისები.

ხელშეკრულების ფარგლებში, თითო მგზავრზე დღგ-ს გარეშე დაიხარჯება არაუმეტეს 90 ევროსი, ხოლო ჯამში, მაქსიმუმ 600 ათასი ევრო იქნება გამოყოფილი. კონტრაქტორმა კომპანიამ წლის განმავლობაში კვირაში ორი ფრენა უნდა უზრუნველყოს.

 

კომენტარები