უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მიქაუტაძე: ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, მოიხსენიებოდეს იმ სქესისად, რადაც თავი მიაჩნია

გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, გასაუბრებაზე ნაზი ჯანეზაშვილმა ლგბტ ადამიანების უფლებების შესახებ ჰკითხა. 

ნაზი ჯანეზაშვილი: როგორ ფიქრობთ, უნდა არსებობდეს თუ არა საკანონმდებლო რეგულაციები იმგვარად, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს ოპერაციული ჩარევის გარეშე შეუცვალონ სქესი, შესაბამის დოკუმენტებში?
 

გიორგი მიქაუტაძე: ძალიან რთული საკითხია, ვერ გეტყვით, იმას რომ ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე, ვერც იმას გეტყვით, რომ პრაქტიკაში მქონია ამგვარი შემთხვევა და აქედან გამომდინარე რაიმე სპეციფიკური გამოცდილება მქონდეს. მეც ზუსტად, არსებული მოსაზრებებითა და გადაწყვეტილებებით ვხელმძღვანელობ, რომელიც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი. ალბათ უნდა ჰქონდეს ადამიანს უფლება, რომ მოიხსენიებოდეს იმ სქესის ადამიანად, რომლითაც მას თავი მიაჩნია. თუმცა ეს გარემოება თავისთავად ძალიან ბევრ სხვა კითხვებს და პრობლემებს წამოჭრის... ამიტომ არც მაგაზე არ არის ცალსახა პასუხი. 

ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენი აზრით სად უნდა მოიხადოს სასჯელი ტრანსგენდერმა ადამიანმა?

გიორგი მიქაუტაძე: არ მაქვს მე ამაზე პასუხი. და ეს სერიოზული პრობლემა იქნება. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს, არიან ასეთი ადამიანები და შეიძლება არიან ასეთი ადამიანები პენიტენციალურ დაწესებულებაში და იხდიან იქ სასჯელს, როგორც დოკუმენტებში უწერიათ. თუ უწერიათ რომ არის ქალბატონი - იხდის ალბათ ქალების დაწესებულებაში და თუ უწერია რომ არის კაცი ... არ ვფიქრობ რომ სწორი არის, თუმცა ამ პრობლემების წინაშე დავდგებით და არ არის ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხი. ამ ერთი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა შეიძლება იყოს კიდევ ერთი სახის დაწესებულებების შექმნა, არ ვიცი... ეს ერთ-ერთი გამოსავალი, ახლა გამიჩნდა ეს მოსაზრება... რაღაცა მოქმედებები ბუნებრივია სახელმწიფოს ეკისრება, ეს არის პოზიტიური ვალდებულება. ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, აბსოლუტურად იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც მე და თქვენ და უნდა ჰქონდეთ ამ უფლებების რეალიზების საშუალება. თუ ეს უფლებები ისე მოხდება, რომ მხოლოდ ქაღალდზე იქნება დატანილი და პრაქტიკაში ამის განხორციელების საშუალება მათ არ ექნებათ, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს აუცილებლად დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს, რომელიც, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით განისაზღვრა, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა და არა მეუღლეების, მიქაუტაძემ თქვა: 

"დისკრიმინაციული არ არის, მაგრამ მომავალში აუცილებლად გახდება დამაბრკოლებელი და საკონსტიტუციო ნორმების შეცვლას სხვა სტანდარტი აქვს - იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვეტთ, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება მივანიჭოთ. ძალიან რთული თემაა, არ მიფიქრია, მაგრამ იცით რაზე ვფიქრობ ყოველთვის? ის, რაც ფაქტობრუვად არსებობს, ჯობია, არსებობდეს მოწესრიგებული სახით. თუ ჩვენ მოვლენებს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოებაში, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, დავუპირისპირდებით ხისტი ჩარევებით, როგორიც არის საკანონმდებლო დონეზე უფლებების მინიჭება ან არმინიჭება, ეს ყოველთვის გამოიღებს ცუდ შედეგს და სწორ მიზნამდე არ მიგვიყვანს. ამიტომ ჯობია, საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული ის ურთიერთობები, რომელსაც, ყველა ვაღიარებთ, რომ ისედაც არსებობს". 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ

როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები