უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

რას ფიქრობს იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე გამოხატვის თავისუფლებაზე

0 კომენტარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაზე გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჰკითხა.

მიქაუტაძეს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესება სურს და შესაბამის კონკურსში მონაწილეობს. 

ნაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოს უპატივცემულობა. სისხლის სამართლის კოდექსით გვაქვს ასეთი დანაწესი: სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სასამართლოს მონაწილის შეურაცხყოფით და მეორე: იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით. თქვენ თუ შეგიძლიათ ისეთი მაგალითების განხილვა, როცა ესა თუ ის შემთხვევა შეიძლება იყოს აღქმული სასამართლოს შეურაცხყოფით. 

გიორგი მიქაუტაძე: ბუნებრივია, შემიძლია. ყოფილა ასეთი შემთხვევები, ქალბატონო ნაზი. ასეთი განაჩენებიც არსებობს ამ მუხლით დადგენილი ჩვენს რეალობაში. ზუსტი მაგალითი შეიძლება შემეშალოს, არ ვიცი. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მოსამართლეს სასამართლოს დარბაზში მიაყენეს მძაფრი ფორმით შეურაცხყოფა, ჰქონდა ადგილი მუქარას. ჩემი მოსაზრება არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს რეაგირება სასამართლოს შეურაცხყოფისთვის, განსაკუთრებით, როცა მიმდინარე პროცესზე ხდება ასეთი ფაქტი. იყო ასეთი ფაქტი, ახლა ამომიტივტივდა, იყო საქალაქო სასამართლოში, როდესაც სხდომის დარბაზში მიაყენეს მოსამართლეს შეურაცხყოფა, თუ არ ვცდები გაშუქდა კიდევაც, ზუსტად არ მახსოვს. ჩემი მოსაზრება არის რომ, დიახ უნდა დაისაჯოს ასეთი ადამიანი, შესაბამისად, ადეკვატურად.

ნაზი ჯანეზაშვილი: კონკრეტული მოსამართლის, ზოგადად სასამართლოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვა როდის გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, თქვენი აზრით. 

გიორგი მიქაუტაძე: ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე. ძალიან რთულია მკვეთრი ხაზის გავლება. ჩვენ, მოსამართლეებს, გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხით თმენის ვალდებულება. ჩვენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა თუ პოზიციები შეიძლება შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც შეიცავდეს, მაგრამ მაინც ჯდებოდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს ასეა, არავის სიამოვნებს, რომ ლანძღავენ, არც მე, მათ შორის. ყოფილა ასეთი შემთხვევები და ამაზე არანაირი რეაგირება არ მომიხდენია, იმიტომ რომ ეს ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, იმ პირის თავისუფლებისა, რომელიც იმ შემთხვევაში გამოხატავდა ასეთ აზრებს. თუმცა, თუ მაინცდამაინც მოგვინდება, ასეთი მოცემულობა ავიღოთ და ზღვარი გავავლოთ, შესაძლებელია, ასეთი ზღვარი გადიოდეს, როცა მოსამართლის შეურაცხყოფას და ლანძღვას არ აქვს არანაირი მიზეზი და მიზანი. თუ ადამიანი აკრიტიკებს, მათ შორის შეურაცხმყოფელი სიტყვებით აკრიტიკებს მოსამართლეს იმის გამო, რომ მას არ დაუკმაყოფილდა სარჩელი, ეს შესაძლებელია, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩაჯდეს, მაგრამ როცა მხოლოდ ლანძღვასთან გვაქვს საქმე, გამოხატვის მიზანი არის მხოლოდ შეურაცხყოფის მიყენება და ადამიანის დაკნინება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ასევე, ყველამ ვიცით, რომ საუბარია ფაქტსა და აზრზე და ესენიც ხანდახან რთული გასამიჯნი ხდება ხოლმე. 

ნაზი ჯანეზაშვილი: აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად გაკეთდება ეს განცხადებები, პროცესის მიმდინარეობისას, პროცესის შემდეგ სხდომის დარბაზში, სასამართლოს ჰოლში თუ მედიის მეშვეობით. 

გიორგი მიქაუტაძე: თუ ეს გამონათქვამი შეიცავს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს და ეს არის გაკეთებული დარბაზში, სადაც არის მოსამართლე ან იგივე წინადადება ნათქვამია იპოდრომზე, მედიის წინ, სასამართლოს შენობისგან შორს, განსხვავდება. წინადადება, რომლისთვისაც დარბაზში მას 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომ თქვას იპოდრომზე, არ გახდეს ჯარიმის საფუძველი. 

მოსამართლის შეურაცხყოფის, მისი დაკნინების, დამცირების მიზანი აქვს მხოლოდ და არ გამოიკვეთება სხვა რამე მიზანი, ეს შეიძლება იყოს შეურაცხყოფა და არ ჩაჯდეს გამოხატვის თავისუფლებაში და ჩარევა იყოს კანონით გამართლებული. 

ნაზი ჯანეზაშვილი: მყისიერი საფრთხის ტესტის შესახებ რას გვეტყვით? 

გიორგი მიქაუტაძე: საფრთხე მყისიერი როცა არის, უფრო გამართლებული შეიძლება იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. მაგალითად, როცა საქმე გვქონდეს მოწოდებასთან, ერთ-ერთ ამერიკელს მოსამართლეს აქვს დაწერილი, რომ გამოხატვის თავისუფლება არის აზრთა ჭიდილი და კრიტიკას უნდა დაუპირისპირო საწინააღმდეგო მოსაზრება და ამ კამათში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება. თეატრში ან სტადიონზე საზოგადოება. ძალიან ამოუწურავი თემაა, ამაზე რომ არსებობდეს ერთი სწორი პასუხი, გეტყოდით, მაგრამ საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა და შეთანხმდა ამაზე და სწორედ ამიტომ გვიწევს კონკრეტული ვითარების ყოველ ჯერზე შეფასება. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ

როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები