აშშ - რუსეთი

პომპეო INF-ის დატოვებაზე: ერთადერთი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების შესახებ Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ამ პროცესში ერთადერთი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და აშშ არ დარჩება ისეთ შეთანხმებაში, რომლებსაც "სხვები არღვევდნენ".

"2019 წლის 2 თებერვალს აშშ-მა რუსეთს შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების შესაბამისობაში დაბრუნებისთვის 6 თვე მისცა. რუსეთმა ეს უარყო, ამიტომ შეთანხმება დღეს დასრულდება. აშშ იმ შეთანხმების მონაწილე არ დარჩება, რომელსაც სხვები არღვევენ. ერთადერთი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება." - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF). შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავს.

აშშ-მა შეთანხმების დატოვება 2 თებერვიდან დაიწყო და გეგმით გათვალისწინებულ 6 თვეში სრულად დატოვა. გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

შეთანხმება 1987 წელს დაიდო. მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი აწერენ.  

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება რუსეთის ინტერესებში აღარ შედიოდა. მანამდე, 2002 წელს, ჯორჯ ბუშის ინიციატივით აშშ-მ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება დატოვა.  

2014 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთი შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთი სარაკეტო სისტემას ცდიდა.  

"მოკავშირეებმა დაასკვნეს, რომ რუსეთმა განავითარა სარაკეტო სისტემა 9M729, რომელიც არღვევს შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულებას და რისკის ქვეშ აყენებს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას," - ნათქვამია ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

გასული წლის 5 დეკემბერს მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ რუსეთს 60 დღეს აძლევდა, რათა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების პირობების შესრულება დაეწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ შეთანხმებას დატოვებდა.   

"რუსეთი უნდა დაუბრუნდეს შეთანხმების სრულ და შემოწმებად შესრულებას. თუ ამას ვერ შეძლებენ, ეს შეთანხმების დასასრული იქნება. ჩვენს ქვეყნებს აქვთ არჩევანი. ან დავმალავთ თავს ქვიშაში ან საღ აზრზე დავრჩვით და რუსეთის მხრიდან შეთანხმების აღმაშფოთებელი უგულებელყოფის საპასუხოდ ვიმოქმედებთ," - თქვა პომპეომ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები