ლარის კურსი

თურნავა: ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ლარის კურსი ზედმეტად ხელოვნურად იყო გაუფასურებული. მისივე შეფასებით, სიღრმისეული მიზეზი იმისა, რომ ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გაუფასურებული, არ არსებობს და ლარის გამყარების ტენდენცია ადეკვატურია.

"ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული. რადგან გამოქვეყნდა კიდევაც პირველი ექვსი თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეკონომიკა იზრდება. საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი ეკონომიკაში არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. შესაბამისად, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური" - თქვა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ლარის გამყარება მოსდევს ეროვნული ბანკის 31 ივლისის გადაწყვეტილებას სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გატანის თაობაზე. როგორც 1 აგვისტოს გახდა ცნობილი, გამოტანილი 40 მილიონიდან 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

ლარის კურსს უკვე ერთ თვეზე მეტია გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრითაა გაუფასურებული.

კომენტარები