აქცია სირცხვილია

45-ე დღე - მოქალაქეები პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ

0 კომენტარი

დღეს, 3 აგვისტოს პარლამენტთან აქცია ერთი დღით ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდება. მოქალაქეების შეკრების დროც, ტრადიციულად, 19:00 საათია.

აქციის ანონსის მიხედვით, პარლამენტთან შეკრებილები განვლილ 45 დღესა და ხელისუფლების უმოქმედობაზე ისაუბრებენ.

"დღეს ვისაუბრებთ განვლილ 45 დღეზე, ხელისუფლების უმოქმედობაზე, ლეგიტიმაციადაკარგულ მინისტრზე, რომელიც 45 დღეა ემალება ხალხს. ტრადიციულად ვისაუბრებთ დაკავებულებზე, ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს დავტოვებთ მარტოს ბოროტი სისტემის წინაშე.

გავრილოვის ქვეყანაში შემომშვები და ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის მხეცურად დაშლის ბრძანების გამცემი, შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

19:00-ზე, ქვეყნის სამსახურში!", - აღნიშნულია აქციის ანონსში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირა, ანტისაოკუპაციო აქცია ზაფხულის ფორმატზეა გადასული - ორგანიზატორებმა პარლამენტთან სტუდია მოაწყვეს და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გადაცემები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 45 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები