რუსეთი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის მიერ ფულის გათეთრებას იძიებს

ალექსეი ნავალნი
Reuters

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის მიერ 1 მილიარდი რუსული რუბლის (15.3 მილიონი აშშ დოლარის) გათეთრებას იძიებენ.

ნავალნი და მისი ორგანიზაცია რუსი პოლიტიკოსების კორუფციულ სქემებს იძიებენ და ვიდეოებს ამზადებენ. ერთ-ერთი ასეთი გამოძიება შეეხებოდა რუსი ოლიგარქის, ალუმინის მაგნატის ოლეგ დერიპასკასა და ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების გამოძიება.

ნავალნი ამჟამად დაკავებულია. ის 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს და იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა 28 ივლისს საღამოს თქვა, რომ ნავალნიჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 64-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური დიაგნოზით, მას მწვავე ალერგიული ფონი გამოუვლინდა. თუმცა, მისმა პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასიელევამ აღნიშნული დიაგნოზი გამორიცხა და თქვა, რომ ალერგიული ფონი ნავალნის არასდროს აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ ის იმ საჭმელს მიირთმევდა რასაც სხვა დაკავებულები და არანაირი ახალი პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის საშუალებები არ გამოუყენებია. ამავე პოსტში ვასილიევამ დაწერა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. 

29 ივლისს, ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს. მოგვიანებით, ნავალნიმ facebook-ზე პოსტი დაწერა და მისი მოწამვლა არ გამორიცხა, თუმცა საავადმყოფოში, სადაც ნავალნი ციხიდან სამკურნალოდ გადაიყვანეს ამბობენ, რომ მას ტესტი ჩაუტარდა და ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

დღეს მოსკოვში მისი მომხრეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, რომელზეც პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. აქედან, სულ მცირე, 21 არასრულწლოვანი, 6 ჟურნალისტი და 2 უცხოელი. აქციის მინიმუმ 6 მონაწილეა ნაცემი. აქციის დაწყებამდე ოპოზიციონერი, ნავალნის ორგანიზაციის წევრი ლიუბოვ სობოლიც დაიჭირეს.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი.

კომენტარები