ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ფოტოები]

0 კომენტარი

ჰონგ-კონგის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგის ქუჩებში დღეს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ორგანიზატორების თქმით აქციაზე გამოსულთა რიცხვმა 120,000-ს მიაღწია, თუმცა პოლიციის თქმით 42,000-ზე მეტი ადამიანი არ გამოსულა.

მომიტინგეებმა ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მსვლელობა გამართეს და ქუჩები გადაკეტეს.

მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი. მომიტინგეების ნაწილმა მათ ქოლგები და სხვა საგნები ესროლა. პასუხად პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო აქციებს 2 თვის შემდეგ ათასობით საჯარო მოხელე პირველად შეუერთდა. 

1-ლ აგვისტოს ჰონგ-კონგის მთავრობამ 180 000 საჯარო პირი გააფრთხილა, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურები ყოფილიყვნენ. საჯარო მოხელეებმა ხელისუფლების გაფრთხილება აქციაში მონაწილეობით უარყვეს.

საჯარო მოხელეების სახელით, Facebook-ზე გამოქვეყნდა წერილი სადაც ჰონგ-კონგის მთავრობას ხუთი მოთხოვნა წაუყენეს - კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა; საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა; დაპატიმრებულების გათავისუფლება; დამოუკიდებელი გამოძიება და პოლიტიკური რეფორმების განხორციელება.  

"სამწუხაროა, რომ ჰონგ-კონგელი ხალხის უკიდურეს ჩაგვრას ვხედავთ," - ვკითხულობთ წერილში. 

უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პროჩინელი მოძალადეთა ჯგუფიც დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები