20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა მონახულებას გეგმავს

პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე #სირცხვილია 45.0 თქვა, რომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს მოინახულებს.

ხოშტარიას თქმით მან 11 დაკავებულის ვინაობის დადგენა მოახერხა, რადგან ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას ცდილობს.

"როგორც პარლამენტის წევრი, რომელსაც მაქვს პატარა პროცედურული უპირატესობა, რომ შემიძლია შევიდე საპყრობილეებში, გაოგნებული ვარ იმით, რომ ბევრი დრო დამჭირდა გამერკვია, ვინ არის დაპატიმრებული. საერთოდ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? რას ნიშნავს ტელეფონი არ ავიღო და არ ვიკითხო - ვინ არის დაპატიმრებული და იმასაც გვიმალავენ... მხოლოდ 11 ადამიანი ვიპოვე ჯერ.

ამიტომ, მივმართავ ყველას, Facebook-ზეც მივწერე ყველას, ვისი ოჯახის წევრი ან ახლობელია დაპატიმრებული, ან აქვს ნებისმიერი პრობლემა, მე როგორც პარლამენტის წევრი, ოპოზიციიდან, შეზღუდული შესაძლებლობით ამ შემთხვევაში, ყველას მოგმართავთ, ვისაც გჭირდებათ ჩემი დახმარება იმაში, რომ შევიდე საპყრობილეში, თუ სხვანაირად დაგეხმაროთ მომაწვდინეთ ხმა და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის. ეს არის ის მცირედი, რაც დღეს შემიძლია გავაკეთო იმის გარდა, რომ ვიდგე აქ თქვენს გვერდით.

მე ჩამოვწერე ყველა გვარი, ვისთანაც შევდივარ - ეს არის 11 ადამიანი. ორშაბათს დილიდან, 10 საათიდან, ვიქნები იქ და, რა თქმა უნდა, თქვენგან გზავნილი იქნება ის, რომ - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ... გპირდებით, რომ მათ გავამხნევებ, გავამხნევებ თქვენი გვერდში დგომით და სიმართლით, რომელიც ჩვენს გვერდშია." თქვა მან აქციაზე გამოსვლისას.

27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს, მათ შორის ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძესა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

დღეს, 3 აგვისტოს პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩვეულ ფორმატში გაიმართა. გამომსვლელებმა ხელისუფლების ქმედებებზე და დაკავებულებზე ისაუბრეს.

კომენტარები