რუსეთის პოლიტიკა

ალექსეი ნავალნის ფონდს ფულის გათეთრებას ედავებიან

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

რუსეთის ფედერაციიის საგამოძიებო კომიტეტმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ფონდის წინააღმდეგ, ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო. ალექსეი ნავალნი, კორუფციასთან ბრძოლი ფონდის დამფუძნებელია. 

გამოძიების ინფორმაციით, ფონდი უცხო პირებისგან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ფინანსდებოდა. საუბარია, 1 მილიარდ რუბლზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბანკომატებისა და ინტერნეტ ბანკების მეშვეობით, ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა.

საქმის ოფიციალურ აღძვრამდე, მოკვლევას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა. სწორედ, აღნიშნული მოკვლევის შედეგად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნავალნის ფონდის წინააღმდეგ.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამომძიებლები ამ დროისთვის არალეგალურ სქემაში ჩართულ პირთა ვინაობას და მათ მიერ მიღებული თანხების მოცულობას აზუსტებს.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას ნავალნის ფონდიდან მხოლოდ ნავალნის შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი გამოეხმაურა. თავად ნავალნი და ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი ამ დროისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლი გუშინ, 3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს.

ფონდი წლების განმავლობაში ხელისუფლების პირებისა და პოლიტიკოსების კორუფციულ კავშირებსა და სქემებს იკვლევს. სხვადასხვა დროს ფონდმა, რამდენიმე ხმაურიანი მასალა მოამზადა მათ შორის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ქონებაზე.

კომენტარები