აშშ-რუსეთი

აშშ-ის საელჩო მოსკოვში: რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას

0 კომენტარი
აშშ-ის საელჩო მოსკოვში ფოტო: AFP

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ სოციალურ მედიაში განცხადება გაავრცელა და რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების დაკავება დაგმო:

"რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს არჩევნების და მშვიდობიანი შეკრების გზით მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის უფლების შეზღუდვას, უფლების, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. გუშინდელი პასუხი ძირს უთხრის მოქალაქეების უფლებას მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში." ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მიუხედავად ამისა ოპოზიცია მომდევნო კვირას აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავს. მათ ქალაქის ცენტრში აქციის გამართვაზე კვლავ უარი უთხრეს და ალტერნატიული ლოკაცია გარეუბანში შესთავაზეს.

ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები 10 აგვისტოს იგეგმება და ისინი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და მოსკოვის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას მოითხოვენ.

დაკავებულების ნაწილს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ადვოკატებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ერთ-ერთი დაკავბულის წინააღმდეგ საქმე პოლიციელისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებით აღიძრა. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება მასობრივი არეულობის წამოწყების ბრალდებითაა დაწყებული, რაც რუსეთში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

თავად ნავალნი ამჟამად დაკავებულია. ის 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს და იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ მისი ანტი-კორუფციული ფონდის მიერ 1 მილიარდი რუსული რუბლის (15.3 მილიონი აშშ დოლარის) გათეთრებას იძიებენ.

გუშინ მოსკოვში აქციის დაწყებამდე ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლიც დაიჭირეს.

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები