სროლა აშშ-ში

ჩიკაგოს პარკში სათამაშო მოედანთან ცეცხლი გახსნეს, დაიჭრა 7 ადამიანი

Chicaco Sun-Times

ჩიკაგოში, ერთ-ერთ პარკში სათამაშო მოედანთან დაუდგენელმა პირმა მანქანიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა 7 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულთა ასაკი 19-დან 25 წლამდეა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ამავდროულად ქალაქის კიდევ ერთ უბანში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4. უცნობია არის თუ არა თავდასხმებს შორის რაიმე კავშირი.

ეს ბოლო 24 საათში აშშ-ში სროლის მესამე შემთხვევაა.

აშშ-ის ოჰაიოს შტატში, ქალაქ დეიტონში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 9 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაიჭრა 26 ადამიანი.

თავად თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

თავდასხმა ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან ერთ საათში მოხდა.

ტეხასში 21 წლის პატრიკ კრუსიუსიმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან თავდასხმამდე სოციალურ ქსელში მანიფესტი გამოაქვეყნა. 

კრუსიუსმა Twitter-ზე მხარდაჭერა გამოუცხადა ბრენტონ ტარანტს, პირს რომელმაც 2019 წლის 15 მარტს ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთს დაესხა თავს და 51 ადამიანი მოკლა.  

კრუსიუსი ასევე ამბობს, რომ თავის ქმედებებით "უცხოური შემოტევებისგან" სამშობლოს დაცვას ცდილობს. მისი თქმით, მათ გამო ამერიკული კულტურა და ეკონომიკა ზიანდება.

კომენტარები