ხოშტარია 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად გლდანის ციხეში შევიდა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად გლდანის ციხეში მივიდა.

ის დღეს აქციის 19 დაკავებული მონაწილიდან 10-ს მოინახულებს. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისზე ინფორმაციის მოძიებაც დეპუტატმა ამ დრომდე შეძლო, ან ვისი ოჯახის წევრებიც მას პირადად დაუკავშირდნენ. 

ხოშტარიას ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებულს უკანონოდ ეკრძალება ოჯახთან კომუნიკაცია. 

"მოვინახულებთ ათ პატიმარს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ის 10 ადამიანია, რომლის შესახებაც მე შევძელი, ინფორმაცია მომეპოვებინა. ამ დღეებში კიდევ 2-ის შესახებ მოვიპოვე ინფორმაცია და მათთანაც შევალ. აქ ყველაზე მთავარი არის მათი მონახულება, რომ ვნახო, როგორია მათი მდგომარეობა, მათი მორალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, ვკითხო, რა აქვთ ოჯახისთვის სათქმელი. ზოგიერთ მათგანს შეზღუდული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. ამიტომ აქ მე ვარ არა როგორც პარტიული წარმომადგენელი. თქვენ იცით, რომ აქ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ადამიანები არიან. ეს არ არის პარტაქტივი, ეს არიან მოქალაქეები და მე, როგორც პარლამენტის წევრმა, რომელსაც უფლება მაქვს, რომ შევიდე და მოვინახულო, გადავწყვიტე, რომ ასე გამოვხატო მხარდაჭერა,"- ამბობს ხოშტარია. 

20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე სულ 19 ადამიანია დაკავებული. 19-ვე მათგანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

დღეს, 3 აგვისტოს პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩვეულ ფორმატში გაიმართა. გამომსვლელებმა ხელისუფლების ქმედებებზე და დაკავებულებზე ისაუბრეს.

კომენტარები