ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჭიაბერაშვილი: ფასების მატება არის იმის შედეგი, რომ ეკონომიკა და ლარი უკიდურესად დასუსტდა

IPN

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ფასების მატებაზე ისაუბრა.

"საქსტატის მიერ გამოქვეყნებული შედეგები 2019 წლის ივლისის გვიჩვენებს, რომ ძალიან მაღალი არის ინფლაცია მედიკამენტებსა და სურსათზე, რასაც ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეები ყოველდღიურად ყიდულობენ სასურსათო მაღაზიებში. ჩვენ თუ ჩავხედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2018 წლის ივნისთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები სურსათზე - 7.9%," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი ქართული ოცნების მიერ გაზრდილი გადასახადები და შემოღებული რეგულაციებია:

"ფასების აწევაში განსაკუთრებით დამნაშავეა ქართული ოცნების მიერ აქციზის გაზრდა საწვავსა და თამბაქოზე. ასევე, ეკონომიკა ძალიან დააზარალა საბანკო რეგულაციებმა, რომელიც პირველი იანვრის მერე ამოქმედდა მთავრობისა და ეროვნული ბანკის საზიანო პოლიტიკის შედეგად."

ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით, რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი ეკონომიკის დერეგულაციაში და გადასახადების კლებაშია:

"რა არის გამოსავალი ასეთ პირობებში? გამოსავალი ასეთ პირობებში არის არა ის, რასაც დღეს ნოდარ ხადური გვიცხადებს, რომ თითქოს ბიზნესი არის ისევ დამნაშავე, გამოსავალი არის, პირიქით, ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შექმნაში, რომ ბიზნესმა ფასები დაასტაბილუროს და სამუშაო ადგილები შექმნას. ამას მოიტანს გადასახადების დაწევა და ნაკლები რეგულაციები."

2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9%-ით გაიზარდა. ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა:

- 11.22%-ით ანტიბიოტიკები
- 6.29%-ით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები
- 5.64%-ით ვიტამინები
- 4.87%-ით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
- 3.1%-ით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები

კომენტარები