5 აგვისტოს აზიის ფინანსურ ცენტრში ჰონგ-კონგში გაფიცვა დაიწყო - დილიდან გაჩერებულია ტრანსპორტი, 230-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეჩერებულია არაერთი მაღაზიის, დაწესებულების, სანაპიროს მუშაობა და სხვ.
ქალაქის სხვადასხვა რაიონში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ქალაქში დროებით დახურულია ისეთი ცნობილი ფირმების მაღაზიები, როგორიცაა "H&M"; "Dior"; "Chanel"; "Apple". "გაიფიცეთ! მხარი დაუჭირეთ დასასრულს." - გაიძახიან მომიტინგეები სავაჭრო ცენტრებში.
გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჰონგ-კონგის პროპეკინელმა ლიდერმა აკერი ლამმა განაცხადა, რომ აქციებს ქალაქი "ძალიან სახიფათო მდგომარების" პირას მიჰყავდა.
მართალია, მომიტინგეები ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომას ითხოვენ, თუმცა ლამის თქმით, მთავრობამ კანონი და წესრიგი უნდა დაიცვას. "ეს არასამართლებრივი ქმედებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამოწვევაა და საფრთხეს უქმნის 'ერთი ქვეყანა - ორი სისტემის' მოდელს, ეს ჰონგ-კონგის სტაბილურობასა და კეთილდღეობას გაანადგურებს," - აღნიშნა ლამმა.
ლამის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში აქციები კვლავ განახლდა.
უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.
მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.
ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პროჩინელი მოძალადეთა ჯგუფიც დაუპირისპირდა.
ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.
საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.
1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.
ძირითად კანონს ვადა 2047 წელს იწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.