McDonald's

McDonald's ქაღალდის საწრუპებს არ გადაამუშავებს - პლასტმასისგან განსხვავებით

McDonald's აცხადებს, რომ ახალი ქაღალდის საწრუპები, რომელსაც ქსელში შემოტანისას "ეკო-მეგობრულად" მოიხსენიებდნენ, არ გადამუშავდება.

გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანიის რესპუბლიკაში კომპანიამ გასულ შემოდგომაზე პლასტმასის საწრუპები ქაღალდის საწრუპებით ჩაანაცვლა. კომპანიაში ამბობენ, რომ პლასტმასის საწრუპები, რომელსაც გასულ წლამდე იყენებდნენ, 100%-ით გადამუშავებადი იყო.

როგორც McDonald's-ში აცხადებენ, ახალი, ქაღალდის საწრუპი გადამუშავებადია, თუმცა სისქის გამო პროცედურა რთულდება, ამიტომაც კომპანია საწრუპებს აღარ ამუშავებს და დანარჩენ ნაგავთან ათავსებს.

გაერთიანებულ სამეფოში, McDonald's-ის ქსელში დღეში 1.8 მილიონ საწრუპს გამოიყენებენ. ქაღალდის სარწუპებით უკმაყოფილებას მომხმარებლებიც გამოთქვამდნენ - როგორც ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, ქაღალდის საწრუპები სასმელის დამთავრებამდე იშლებოდა. ამის გამო კომპანიამ გადაწყვიტა, საწრუპები კიდევ უფრო გაესქელებინა.

McDonald's-ში ამბობენ, რომ კომპანია მუშაობს გამოსავალზე და სარწუპების გადამუშავების ნაცვლად ნაგავში გადაყრა დროებითია.

კომენტარები