ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ბოკუჩავა ანტირეკლამის შეზღუდვაზე: ხელისუფლება ქვეყანაში ცენზურის დაწესებას ცდილობს

ტაბულა / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ანტირეკლამასთან დაკავშირებული ცვლილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული. 

ბოკუჩავას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ყველა მარეგულირებელი ორგანო ქართული ოცნების მიერ კონტროლდება, ამ მუხლს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ აამოქმედებენ.

"ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს, რომ დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები, რადგან შედის რეკლამის შინაარსში, მათ შორის, ანტირეკლამის ნაწილში, სადაც ზღუდავს, პოლიტიკურ პარტიებს აღარ აძლევს საშუალებას, რომ ანტირეკლამა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე ამ ქვეყანაში. ყველა მარეგულირებელი ორგანო მათ მიერ კონტროლდება და, შესაბამისად, ბუნებრივია მათ აამოქმედებენ, მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას,"- ამბობს ბოკუჩავა. 

5 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ანტირეკლამაზე შეზღუდვები წესდება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის მიხედვით, პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში სხვა პოლიტიკური სუბიექტის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

ამასთან, ცვლილებათა პროექტით, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. 

"საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას" - წერია პროექტში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

კიდევ რა ცვლილებების შეტანა იგეგმება საარჩევნო კოდექსში, ვრცლად წაიკითხეთ აქ

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მმართველმა გუნდმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციის ფონზე 2020 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ასევე წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან.

კომენტარები