მორის მაჩალიკაშვილის საქმე

EMC სასამართლოზე: მოსამართლის განმარტება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს არღვევს

IPN

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ EMC-ის საჩივარი დაუშვებლად ცნო და შესაბამისად, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

EMC თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ასაჩივრებდა. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 3 პირის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

EMC-ს შეფასებით, მოსამართლის განმარტება უდანაშაულობის პრეზუმფციასა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს არღვევს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია. მასში აბსტრაქტულადაა მითითებული, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სათანადო სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ არის დასაბუთებული საქმეში არსებული რომელი კონკრეტული მტკიცებულება ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მიიმალებოდა, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას ან ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე.

"სამწუხაროა, რომ ზემდგომმა სასამართლომ, 20-21 ივნისს დაკავებული პირების დაპატიმრების საქმეზე მიღებული აშკარად შაბლონური და ზედაპირული გადაწყვეტილებების პრაქტიკის რევიზია ვერ მოახერხა და ამ გზით სასამართლო კონტროლის რეალურ განხორციელებაზე უარი თქვა,"- წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-მ სასამართლოს განჩინებიდან ამონარიდი გამოაქყვენა:

,,გარკვეული პირადი მოტივები აკავშირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფუნქციების შესრულების ლეგიტიმურობასთან და ა. შ. აშკარაა, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობის გათავისება ამგვარ სტრესულ ვითარებაში, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან მიმართებაში რეალური მოლოდინის საფუძვლად აღიქმება“,- ვკითხულობთ განჩინებაში.

EMC-ს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მსგავსი მსჯელობა კანონის ჩარჩოს ცდება, რამდენადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზევე უკვე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და აცხადებს, რომ ახალი დანაშულის ჩადენის რისკიც ავტომატურად არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, სასამართლო მორისის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პირად დაპირისპირებად აღიქვამს.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა გაიაზროს და მიმდინარე პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება უზრუნველყოს.

"იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია. სამართლებრივი მექანიზმების ამ ფორმით გამოყენება სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზებისს ნიშნებზე მიუთითებს და მკვეთრად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეას",- წერია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 2 აგვისტოს მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველადი სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრალდების დასაბუთების პრობლემურობის მხედველობაში მიღებისკენ მოუწოდა.

________________________________________________________________________________

მალხაზ მაჩლიკაშვილის ძმის შვილი, მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა, 26 ივლისს კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

პროკურატურის თქმით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ და სხვა პირებთან ერთად ძალადობდა პოლიციელებზე, ურტყამდა მათ და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

კომენტარები