მწერალთა სახლი

განათლების სამინისტრო "მწერალთა სახლს" აბრუნებს, მას კვლავ ნატა ლომოური უხელნძღვანელებს

მწერალთა სახლი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში "მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს" იწყებს. რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებულ პოლიტიკას შეასრულებს. ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება. კულტურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ცვლილებების გამო, ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას სახელი - "მწერალთა სახლი“ დაუბრუნდება. მას კვლავ ნატა ლომოური უხელმძღვანელებს.

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციებს გააერთიანა. სამინისტრომ სიახლე "მართვის გაუმჯობესების მიზნით" ახსნა. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამართალმემკვიდრედ “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი” განისაზღვრა. შედეგად, თანამდებობიდან გაათავისუფლეს წიგნის ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი და მწერალთა სახლის  ხელმძღვანელი ნატა ლომოური.

სტრუქტურულ ცვლილებებს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები