კახა კალაძე

კალაძე ამბობს, რომ ტაქსის მძღოლების დასარწმუნებლად, საკუთარ მანქანას ფირი გადააკრა

instagram.com/kakhakaladze

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ საკუთარ ავტომობილს გადააკრა ფირი, რათა ტაქსის მძღოლები დაერწმუნებინა, რომ მანქანისათვის ფირის გადაკვრა უსაფრთხოა.

"დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს," - თქვა კალაძემ.

მერიამ ტაქსის მძღოლებს ფირის გადაკვრა ალტერნატივად 2019 წლის 11 აპრილს შესთავაზა.

რა ჯდება ფირის გადაკვრა?

აპრილში მერიაში ტაბულას განუმარტეს, რომ მძღოლებს არჩევანი ექნებოდათ გადაღებვასა და ფირის გადაკვრას შორის. ორივე შემთხვევაში ისინი 700 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

ტაბულა დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებიც მძღოლებს ავტომობილისთვის ფირის გადაკვრას სთავაზობენ. როგორც განგვიცხადეს, ფირის გადაკვრის ფასები 800 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ფირის ხარისხსა და მანქანის მდგომარეობაზე.

კიდევ ერთ მსგავს კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ “ტოიოტა პრიუსისთვის” ფირის გადაკვრა 1200 ლარამდე დაჯდება. იგივე ავტომობილისთვის მოდელისთვის, ზოგი კომპანია 1200 დოლარს მოითხოვს.

განსხვავებით თეთრად შეღებვისგან, ფირის გადაკვრას ნაკლები დრო დასჭირდება. თუ გადაღებვის გამო მძღოლი დაახლოებით ათი დღის მანძილზე მანქანის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებოდა, ფირის გადაკვრას 2-3 დღე დასჭირდება. თუმცა, ზოგიერთი კომპანიისთვის სამუშაოს შესრულებას 5-7 დღეც კი შეიძლება დასჭირდეს.

ტაქსის მძღოლები ჩიოდნენ, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ იქნებოდა და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუხდებოდათ.

კომენტარები