უბედური შემთხვევა

თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, 26 წლის კაცი ზღვამ გამორიყა

თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 26 წლის კაცი ზღვამ გამორიყა. თურქული მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა - საქართველოს მოქალაქე თურქეთში ჩაის საკრეფად იყო ჩასული. ის საღამოს სანაპიროზე სეირნობდა, რა დროსაც, წონასწორობა დაკარგა და ზღვაში ჩავარდა.

პოლიცია და სანაპირო დაცვა წყალში ჩავარდნილ კაცს ეძებდა, თუმცა, ცუდი ხილვადობის გამო, სამძებრო სამუშაოები შეწყვიტეს. სამაშველო ჯგუფებმა ძებნა დილით ადრე განაახლეს, 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნაპირთან იპოვეს - ის ზღვამ გამორიყა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. საქართველოს მოქალაქეს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

კომენტარები