უზენაესი სასამართლო

რა ხდება, როცა სამინისტრო FB-ზე გამოხატვას გიზღუდავს? - უზენაესი სასამართლოს განჩინება

ტაბულა

უზენაესმა სასამართლომ სოციალურ ქსელში იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური გვერდის მიერ მოქალაქისთვის კომენტარის წაშლაზე იმსჯელა და განჩინება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო. 

საქმე ეხება იურისტ გიორგი ნონიაშვილის მიერ 1 მარტს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ერთერთი პოსტის ქვეშ დაწერილ კომენტარს, რომელიც სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს, ეხებოდა. ახობაძის მხარდამჭერი კომენტარი სამინისტროს ოფიციალურმა გვერდმა წაშალა, რის შემდეგაც ნონიაშვილმა უწყებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო უჩივლა. 

ნონიაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ჩათვალა, რომ სახეზე საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა არ იყო და დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. ხოლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ნონიაშვილის ცნობითვე, ადმინისტრაციული კოლეგიის დასკვნა არ გაიზიარა. კოლეგიებს შორის დავა წარმოიშვა საქმის განსჯადობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ საქმე უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა, რათა განსჯადობის საკითხი მას გადაეწყვიტა. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, საქმის განსჯადობა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას დაექვემდებარა. 

"უზენაესი სასამართლოს განჩინების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სოციალური ქსელების მართვა წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ასევე თქვა: "განსახილველ შემთხვევაში პოტენციურად სახეზეა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა". კარგი განჩინებაა, რომელიც ყველას გამოადგება მსგავს შემთხვევებში,"- წერს ნონიაშვილი Facebook-ზე. 

კომენტარები