ქალთა მიმართ ძალადობა

"ყელზე მოუჭირა ხელი, დაემუქრა" - 6-წლიანი პატიმრობა ორი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის

0 კომენტარი
ფოტო: www.gwf-online.org

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა 2019 წლის 2 იანვარს, ძალადობითა და მუქარით ორი ქალის გაუპატიურება სცადა, თუმცა წინააღდეგობისა და გამვლელების გამოჩენის შედეგად, ვერ შეძლო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში კ.ხ. ძალადობისა და მუქარის გამოყენებით ორი ქალის გაუპატიურებას შეეცადა. იგი ჯერ ლ.მ.-ს დაესხა თავს, კისერზე მოუჭირა ხელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მის გაუპატიურებას შეეცადა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო", - ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ კაცი იგივე განზრახვით სხვა ქალს დაესხა თავს.

"ყელზე მოუჭირა ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა გამწვანების ზოლში, ყელზე მიაბჯინა დაუდგენელი საგანი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება მოითხოვა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში თბილისში დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები