ტაქსები

კალაძის თქმით, ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

თბილისის მერია

ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით - QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა.

კალაძის თქმით, ესაა საქართველოს ბანკის პროექტი. QR კოდი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს გადაეცემა და პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო ანგარიშთან, შესაბამისად გადახდილი თანხა მასვე ჩაერიცხება.

"ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით ხდება შესაძლებელი. ეს არის საქართველოს ბანკის საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ტაქსით მგზავრობის დროს, ხურდის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს... ამ გზით, მძღოლი ერთგვარ საბანკო ისტორიასაც შეიქმნის, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები, ისტორია და ეს მათთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, QR კოდი საქართველოს ბანკის აპლიკაციის მეშვეობით ფუნქციონირებს, რომლის გადმოწერაც სმარტფონებშია შესაძლებელი.

კომენტარები