საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი ცხელ ხაზზე დარეკვაზე ციხეში არსებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

0 კომენტარი
გლდანის ციხე ფოტო: AFP

საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანებს ომბუდსმენის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე შეზღუდვები მოეხსნათ.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ციხეებიდან ომბუდსმენთან ცხელი ხაზით დაკავშირებისას ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში.

სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ციხის პირობებში მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი, ტექნიკური თუ სხვა ადმინისტრაციული საჭიროებებით განპირობებული შეზღუდვებით ისარგებლონ ცხელი ხაზით, ეს საკმაოდ აამაღლებს, არასათანადო მოპყრობის პრევენციას. ომბუდსმენის აზრით, ეს ასევე უფრო მეტად ეფექტურს გახდის უკვე მომხდარ ფაქტებზე რეაგირების შესაძლებლობას. 

"სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის მიზანია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე; ასევე ხელი შეუწყოს რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვასა და ფუნქციონირებას; გაზარდოს ინფორმაციის მიწოდების და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პროაქტიული რეაგირების ხარისხი. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ფუნქციონირების სფერო, ძირითადად, მოიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა: წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ასევე, უფლებათა და თავისუფლებათა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. მიიღებენ თუ არა სარჩელს წარმოებაში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები