ავღანეთი

ქაბულის პოლიციის შენობის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

Reuters

ქაბულის პოლიციის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა. შედეგად დაშავდა სულ მცირე 95 ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათ შორის ქალები და ბავშვები.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

მათი თქმით აფეთქების შედეგად ბევრი პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

თავდასხმამდე ერთი დღით ადრე თალიბანმა 28 სექტემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით განცხადება გაავრცელა და დაიმუქრა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას თავდასხმებს მოაწყობენ.

ამავდროულად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორი სამალავი აიღეს. მოკლულია 2 ტერორისტი. ამოიღეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები.

გასულ კვირას დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ავღანეთიდან 6,000-მდე ჯარისკაცის გამოსაყვანად ემზადება.

ამჟამად ავღანეთში 14,000 ამერიკელი სამხედროა, რაც 8-9 000-მდე შემცირდება, იმ რაოდენობამდე, რაც დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პორტის დაკავების დროს იყო.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფს ალ-ქაიდას და დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.

გეგმა თალიბანთან ზალმაი ხალილზადის, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა. ის მოლაპარაკებების საწარმოებლად დონალდ ტრამპმა დანიშნა. შეთანხმება ავღანეთში სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შედგეს.

ხალილზადმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კატარში უახლოეს პერიოდში გაიმართება. შესაძლოა ამ შეხვედრაზე აშშ-ის სამხედრო ძალების კიდევ უფრო შემცირებაც განიხილონ.

თალიბანი ამ დროისათვის ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, მათ მარიონეტულ რეჟიმს უწოდებს და ამბობს, რომ პირველ რიგში აშშ-სთან მათი ჯარების თაობაზე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

პენტაგონის სპიკერმა შონ რობერტსონმა თქვა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს ჯარის გამოყვანის თაობაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები