კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც 8000 ლარი მოიპარა და კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1990 წელს დაბადებული გ.გ., რომელმაც ავტომობილების სახელოსნოს სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა და კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინა. მას ბრალად ედება ქურდობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თავისი სამუშაო ადგილიდან - ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სახელოსნოში არსებული სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, სახელოსნოში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო", - ამბობენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები