კახა კალაძემ ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

მისი თქმით, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით აღადგენს. 

"2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ  თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - თქვა თბილისის მერმა. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს კალაძესთან ერთად პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილეებმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა.

რუსეთ-საქართველოს ომი 11 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან. წელსაც, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მთავრობის წევრები და დეპუტატები მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლას სწორედ ხვალ, 8 აგვისტოს აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები