პარლამენტთან 49-ე აქცია მიმდინარეობს - დღევანდელი თემა რუსეთ საქართველოს-ომია

პარლამენტთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. დღევანდელი თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომია.

"2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ავიაციამ დაბომბა სოფლები, პორტები და სამხედრო ბაზები. აგრესიას ემსხვერპლა როგორც ქართველი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. სამხედრო კონფლიქტს წინ უძღვოდა საზღვრისპირა მოსახლეობის გატაცებები და მრავალი სხვა სახის პროვოკაცია.

2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო დე-ფაქტო, არაღიარებული საზღვრების თანდათანობით გადმოწევა და საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონფლიქტის შემდგომ დადებული შეთანხმება და მცოცავი ოკუპაციით დაიკავა ასზე მეტი ქართული სოფელი. მოკლეს გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი.

ამ ყველაფრის ფონზე, 2019 წლის 20 ივნისს, ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, სხდომას რუსი კომუნისტი დეპუტატი, ოკუპაციის არმცნობი - სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას.

კომენტარები