აგვისტოს ომი

თალაკვაძე: ჩვენ დღეს ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად არ მოვსულვართ

ჩვენ დღეს აქ არ მოვსულვართ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კითხვას, თუ რატომ მიდის მმართველი გუნდი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს და არა 7-ში, როცა საოკუპაციო ჯარი შემოიჭრა ქვეყანაში.

მისი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე გუშინ, 7 აგვისტოსაც იმყოფებოდნენ. 

"მოვედით აქ დღესაც იმისათვის, რათა ოჯახებს შევხვედროდით. სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სადაც მთელი საზოგადოება და ხელისუფლება უნდა იყოს ერთიანი, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები არის უპირატესი. ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული და მომავალშიც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ მისი მხარდაჭერით შევინარჩუნებთ მშვიდობას, შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას"- ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

რუსეთ-საქართველოს ომი 11 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან. წელსაც, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მთავრობის წევრები და დეპუტატები მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს, 8 აგვისტოს მივიდნენ. 

შეგახსენებთ, რომ რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები