აშშ

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა მისისიპის შტატში 700-მდე მიგრანტი დააკავა

BBC

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა მისისიპის შტატში 700-მდე მიგრანტი დააკავა.

კოორდინირებული ოპერაციის შედეგად დააკავეს 7 სასოფლო-სამეურნეო ქარხნის თანამშრომლები, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ.

ისინი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი. მათ შვილებს ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან გაგზავნიან.

საიმიგრაციო სამსახურს დაკავებულთა წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა მექსიკის მთავრობამ შტატში საკონსულოს წარმომადგენლები გაგზავნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ივნისში დააანონსა. მისი თქმით აშშ-დან მილიონობით არალეგალ მიგრანტს გააძევებენ.

დაკავებებისას ტრამპი ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სტუმრობდა, სადაც გასულ კვირას შეიარაღებულ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ელ პასოში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა 21 წლის პატრიკ კრუსიუსიმა მოაწყო. თავდასხმის წინ მან სოციალურ ქსელში მანიფესტი გამოაქვეყნა. 

კრუსიუსმა Twitter-ზე მხარდაჭერა გამოუცხადა ბრენტონ ტარანტს, პირს რომელმაც 2019 წლის 15 მარტს ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთს დაესხა თავს და 51 ადამიანი მოკლა.  

კრუსიუსი ასევე წერდა, რომ თავის ქმედებებით "უცხოური შემოტევებისგან" სამშობლოს დაცვას ცდილობდა. მისი თქმით, მათ გამო ამერიკული კულტურა და ეკონომიკა ზიანდებოდა.

კომენტარები