რუსეთი

რუსეთმა ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის საბანკო ანგარიშები გაყინა

Reuters

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა თქვა, რომ მათი ორგანიზაციის და რამდენიმე თანამშრომლის საბანკო ანგარიშები გაყინეს.

იარმიშის თქმით ანგარიშების გაყინვა ფულის გათეთრების და გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდების საფუძველზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

მანამდე დაკითხვაზე დაიბარეს ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი და პოლიციამ მათი სახლები გაჩხრიკა.

ნავალნის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება გასულ კვირას დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, ფონდი უცხო პირებისგან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ფინანსდებოდა. საუბარია, 1 მილიარდ რუბლზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბანკომატებისა და ინტერნეტ ბანკების მეშვეობით, ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა.

საქმის ოფიციალურ აღძვრამდე, მოკვლევას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა. სწორედ, აღნიშნული მოკვლევის შედეგად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნავალნის ფონდის წინააღმდეგ.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამომძიებლები ამ დროისთვის არალეგალურ სქემაში ჩართულ პირთა ვინაობას და მათ მიერ მიღებული თანხების მოცულობას აზუსტებს.

ფონდი წლების განმავლობაში ხელისუფლების პირებისა და პოლიტიკოსების კორუფციულ კავშირებსა და სქემებს იკვლევს. სხვადასხვა დროს ფონდმა, რამდენიმე ხმაურიანი მასალა მოამზადა მათ შორის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ქონებაზე. ერთ-ერთი ასეთი გამოძიება შეეხებოდა რუსი ოლიგარქის, ალუმინის მაგნატის ოლეგ დერიპასკასა და ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების გამოძიება.

ნავალნი ამჟამად დაკავებულია. ის 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს და იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა 28 ივლისს საღამოს თქვა, რომ ნავალნიჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 64-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური დიაგნოზით, მას მწვავე ალერგიული ფონი გამოუვლინდა. თუმცა, მისმა პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასიელევამ აღნიშნული დიაგნოზი გამორიცხა და თქვა, რომ ალერგიული ფონი ნავალნის არასდროს აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ ის იმ საჭმელს მიირთმევდა რასაც სხვა დაკავებულები და არანაირი ახალი პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის საშუალებები არ გამოუყენებია. ამავე პოსტში ვასილიევამ დაწერა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. 

29 ივლისს, ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს. მოგვიანებით, ნავალნიმ facebook-ზე პოსტი დაწერა და მისი მოწამვლა არ გამორიცხა, თუმცა საავადმყოფოში, სადაც ნავალნი ციხიდან სამკურნალოდ გადაიყვანეს ამბობენ, რომ მას ტესტი ჩაუტარდა და ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

კომენტარები