ტვ პირველის საქმე

პროკურორი: წერეთელმა ჩვენს შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა, რომ "არ ახსოვს"

ტაბულა

თიბისი ბანკის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ ვერ მიიღო პასუხები დასმულ შეკითხვებზე და ვატო წერეთელი უმეტესად ამბობდა, რომ არ ახსოვს საქმის დეტალები.

ტყეშელაშვილის თქმით, პროკურატურას წერეთელთან ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა, რადგან ის იმ კომპანიებს წარმოადგენდა, რომლებზეც თიბისი ბანკმა სესხი გასცა. 

"ვახტან წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს - რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ჩვენ სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა სამგორი M-ის და სამგორი თრეიდის წილის მფლობელს. ჩვენ გვქონდა შეკითხვები იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს",- ამბობს პროკურორი. 

წერეთლის განცხადებაზე, რომ პროკურატურას მამამისის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს. პროკურორი ამბობს, რომ მსგავსი პროგნოზების გაკეთება არასწორია.

"საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია"- ამბობს ტყეშელაშვილი. 

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 აგვისტოს დაკითხეს. 

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, - "ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები"

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას"- თქვა წერეთელმა. 

ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი 6 აგვისტოს პროკურატურაში დაიბარეს. წერეთლის თქმით, იგი შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემდა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები