ყირგიზეთი

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: 24.kg

რუსული მედია Tass წერს, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს.

ატამბაევის მხარდამჭერთა შტაბის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის თავიდან არიდების მიზნით, ექს-პრეზიდენტი უსაფრთხოების ძალებს თავად ჩაბარდა.

"სამართალდამცავებმა ატამბაევი თავისი რეზიდენციიდან გაიყვანეს," - თქვა ატამბაევის მხარდამჭერთა სპიკერმა.

ოპერაციას შს მინისტრი კაშკარ დჟუნუშალიევი ხელმძღვანელობდა, რომელშიც შსს-ს 2000 თანამშრომელი იღებდა მონაწილობას. 

7 აგვისტოს, ღამით ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის სახლში შესვლა და მისი დაკავება სცადეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა ატამბაევის მხარდამჭერებმა გაუწიეს.

უსაფრთხოების ძალებსა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას 1 ოფიცერი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან დაიღუპა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თქმით სპეციალური ძალების წარმომადგენლები მხოლოდ რეზინის ტყვიებით იყვნენ შეიარაღებული. დაპირისპირებისას დაიჭრა 36 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.

ადგილობრივი მედიის მიხედვით ატამბაევის მხარდამჭერებმა 6 ჯარისკაცი დააკავეს.

პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა შვებულება შეწყვიტა და დღეს უშიშროების საბჭოს შეხვედრა დანიშნა.

ატამბაევს კორუფციაში ადანაშაულებენ, რის გამოც პარლამენტმა ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი ივნისში ჩამოართვა. ატამბაევი ბრალდებებს უარყოფს.

ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა. იმუნიტეტის ჩამორთმევის შემდეგ ის უარს აცხადებდა დაკითხვაზე მისვლაზე. გამოძიება მის მიერ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.

გასულ თვეს ატამბაევი მოსკოვში ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, თუმცა პუტინმა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ქვეყანას მოუწოდა მის გარშემო გაერთიანდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები