სერგეი გავრილოვი

გავრილოვი: საუკუნეების განმავლობაში რუსეთი საქართველოს გენოციდისგან იხსნიდა

სერგეი გავრილოვი
Duma

თბილისიდან პროტესტის ფონზე გაშვებული კომუნისტი რუსი დეპუტატისთვის საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია. სერგეი გავრილოვი საქართველოს შესახებ ამჯერად ბერძნულ გამოცემა Kathimerini-ს ესაუბრა (თარგმანი ვებპორტალ ИноСМИ-ს ეკუთვნის). 

ბერძნული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში კომუნისტი დეპუტატი ამბობს, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსეთი საქართველოს მეზობელი ქვეყნების გენოციდისგან იხსნიდა და რომ რუსეთი დღემდე დიდ როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. 

"საუკუნეების განმავლობაში რუსეთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების გენოციდისგან იხსნიდა, მაგალითად, თურქეთისგან. ჩვენს ერბეს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კულტურა აერთიანებთ. თბილისში დაკრძალულია ბაბუაჩემი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმს ებრძოდა. რუსეთს დიდი გავლენა აქვს ქართულ ეკონომიკაზე: ის საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს აფორმირებს, ქართული ღვინის შეძენაში ჩვენი ქვეყანა ერთერთი ლიდერია. ქართველი ერი იჩენს გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას რუსების მიმართ, რისი დასტურიც საქართველოში ყოველწლიურად ჩასული ორ მილიონამდე რუსი ტურისტია,"- ამბობს გავრილოვი. 

დეპუტატისთვე თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა ქართული პოლიტიკური კლასის "რადიკალურმა" ფლანგმა რუსეთთან ურთიერთობების "გამწვავების" გზა აირჩია. 

"სამწუხაროდ, პოლიტიკური წრეების რადიკალურმა ნაწილმა ფსონი რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე დადო, რითიც ქართული კულტურა და სახელმწიფოებრიობა გაანადგურა. საქართველომ რუსოფობიაზე უარი უნდა თქვას და ამისთვის უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელმწიფო დონეზე. ამისთვის მან უნდა მოძებნოს და დასაჯოს როგორც მართლმადიდებლობის მსოფლიო ასამბლეის დელეგატებზე თავდამსხმელები, ასევე ისიც, ვინც რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა. საქართველოს რიგითი მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ,"- ამბობს გავრილოვი. 

კომუნისტი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციების უკან, რომელიც მას თბილისში მოუწყვეს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას, რომელიც ამ გზით და "რადიკალური ახალგაზრდების" დახმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს. 

"ჩვენი ასამბლეა საბაბი იყო 10 000 ადამიანის ქუჩაში გამოსასვლელად, რომლებიც კარგად იყვნენ მომზადებულები, წინასწარ გამზადებული პლაკატებით. ეს იყო ზეწოლა ქართულ ხელისუფლებაზე, რათა მოშლილიყო სახელმწიფოებრიობის ფუძე და მომხდარიყო მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია,"- ამბობს კომუნისტი რუსი დეპუტატი. 

სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომას თბილისში ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც გავრილოვმა დაგეგმილზე ადრე დატოვა საქართველო. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი.

უკვე 51-ე დღეა, რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. მათ გარდა დაკავებულია აქციის კიდევ 19 მონაწილე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები