რუსთავი 2-ის საქმე

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, R2-თან დაკავშირებულ საბუთზე ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე დასკვნა გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, საბუთზე არსებული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის. 

"გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო "შ"-ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

მოძრაობის ფორმა ასო "ქ"-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო "ქ"-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,"-ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს. 

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ოქრუაშვილის პარტიის ერთერთი ლიდერი კოტე კემულარია ავრცელებს და ექსპერტიზის ბიუროს "გახარიას ბიუროს" უწოდებს. 

"ეს დასკვნა არის ნახევარგვერდიანი. ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ და ასო შ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით, არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ხალვაშის ხელნაწერებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული. ეს არის ამ ინსტიტუტის დასამარება,"- თქვა კემულარიამ ბრიფინგზე. 

საქმე ეხება იმ დოკუმენტს, რომელიც ოქრუაშვილის მტკიცებით, მასა და ქიბარ ხალვაშს შორის 2010 წელს ბერლინში გაფორმდა და რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფელირებული პირი გახდა. ოქრუაშვილისვე თქმით, შეტანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეიძინა. 

ოქრუაშვილმა ამ საბუთზე დაყრდნობით თბილისის საქალაქო სასამართლოს რუსთავი 2-ის წილების დაყადაღება მოსთხოვა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იმავე დღეს ქიბარ ხალვაშმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტით ხალვაშის ქონების მიტაცებას ცდილობს. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ რუსთავი 2 სინამდვილეში მისია. ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

კომენტარები