ევროპული საქართველო

ბაქრაძე გვარამიაზე: ქართული ოცნება ბოლო ფაზაში შედის, ეს მის დასასრულს აახლოებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის, ბრალის წარდგენას ეხმაურება. 

ბაქრაძე ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ბოლო 6 თვეში 735 000 000 ლარი ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებში დაიხარჯა და სადაც ათეულობით მილიონი ლარი გადასახადების გადამხდელების ფული არამიზნობრივად იფლანგება, კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ პირად შურისძიებად შეიძლება, შეფასდეს. 

"გვარამიასთვის ბრალის წარდგენა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი სამართალი, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდლეობა, ხელი შეეშალოს მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. 

მოდი, შევხედოთ პროცესებს დინამიკაში: დღეს ბრალი წარუდგინეს რუსთავი 2-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ ტვ პირველის დირექტორი, წინა კვირაში ბრალი წარუდგინეს ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუასვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წარუდგინეს პარლამენტის წევრ ნიკა მელიას. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ხელისუფლება ბოლო ფაზაში შევიდა, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებითა და ე.წ მტკიცე ხელის პოლიტიკით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს. ვერ შეძლებს,"- ამბობს ბაქრაძე. 

ბაქრაძისვე თქმით, ეს პროცესი ქართული ოცნების დასასრულს მხოლოდ აჩქარებს. 

"2020 წელს ქართულ ოცნებას ვერაფერი გადაარჩენს და ამ ისტერიკის ფონზე ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ გონივრულად, არ მივცეთ ივანიშვილს საშუალება, ბოლომდე არიოს ეს ქვეყანა. მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და შევცვალოთ ხელისუფლება. სხვა გზა და სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას აღარ აქვს. "ოცნების" ყველა ბოლო ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ მისი დრო დასრულდა და პირველივე არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა მშვიდობიანი გზით მოვიცილოთ და გავუშვათ სახლში,"- თქვა ბაქრაძემ. 

8 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები