ნიკა გვარამია

რას ამბობს ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებზე

funtime

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ დღეს წარდგენილ ორივე ბრალთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებებს აკეთებს. 

გთავაზობთ ნიკა გვარამიას განმარტებას უცვლელად:

"თუ ვინმეს გაუგია, რომ საქართველოში გენერალურ დირექტორს იჭერენ ცუდი კონტრაქტის დადებისთვის, ხელი აწიეთ და დავდუმდები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს კონტრაქტი ცუდიც არ იყო. რუსთავი 2 მთელი ეს პერიოდი, ვინც მიჩივის, იმის ქმარიც, დებდა ზუსტად ისეთ კონტრაქტებს, როგორიც ჩვენ დავდეთ 2015 წელს. სხვაგვარი კონტრაქტების დადება დაიწყო მხოლოდ ჩემ მიერ და ეს იყო ჩემი ნოუ-ჰაუ, ამას ვამბობ ხაზგასმით. კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს, იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ეგეთი კონტრაქტი. რატომ? იმიტომ, რომ ფინანსურმა სამსახურებმა, ფინანსურმა დირექტორმა გადაწყვიტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი. მოკლედ ავუხსნი მაყურებელს, ორი ვარიანტია: ერთია, როდესაც ჩემ მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებთ, რომელიც მიყვება მოგებას, მაგრამ იქ რისკავ, ან ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ ერთ წელს ან ბიუჯეტზე მეტს და მეორე ვარიანტია, როცა მოჭრილ თანხაზე დებ, მაგრამ უბრალოდ, შეიძლება, იმ ფირმას, რომელთანაც კონტრაქტი გაქვს, უბრალოდ, მეტი შემოსავალი ჰქონდეს და დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული, იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ. 

2015 წელი, როგორც მე გითხარით, ფინანსური დირექტორისა და ფინანსური სამსახურის მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადზღვევის მიზნით, ასეთი კონტრაქტის დადების საჭიროება დადგა. 

ჩემს პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მე საერთოდ არ მესმის ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება როგორ შეიძლება, იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის, როგორ ვერ იგებს გინდა პროკურატურა, გინდა რუსთავი 2-ის ახალი სამარცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ყველა ფინანსური სამსახური და ყველა ფინანსური დირექტორი, რასაც დირექტორი ჰქვია, სხვათა შორის, და იურიდიული სამსახური ხელს აწერენ კონტრაქტს, მისი ხელმოწერა ხდება ავტომატურად დირექტორის მიერ, თუ როგორ გგონიათ დირექტორმა ყველაფერი უნდა იცოდეს, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური პროგნოზირება. ფინასური დირექტორები და ფინანსური სამსახურები-თქო, ვახსენე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს მათ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ეს კონტრაქტი იყო სწორი იმიტომ, რომ რისკების წელი იყო. 

მოდით, გავყვეთ განვითარებას, რა მოხდა შემდეგ. შუა წლის განმავლობაში პირადად მე დავინახე, რომ ეს რისკები, რომლებიც ჩვენ გადავაზღვიეთ, პრინციპში არ მოქმედებს ბაზარზე და დიდი შემოსავალი შეიძლებოდა, დაგვეკარგა. აბა, გამოიცანით, რა ვქენი მე? ინტერმედიასთან მქონდა ძალიან მკაცრი მოლაპარაკება, შეიძლება, ითქვას, რომ გამოვიყენე მათზე საბაზრო უპირატესობა და დავაბრუნებინე არა 7 მილიონი, არამედ - 9, შემდეგ წელს უკვე. ეს თანხა კი არ დაკარგულა, ჩვენ ეს თანხა დავაბრუნებინეთ ინტერმედიას. რა საბაზრო უპირატესობა გამოვიყენე? ცხადია, ვუთხარი, რომ შემდეგ წელს კონტრაქტს არ გავუფორმებდი. ამიტომ, სამართლებრივად ვერ მოვიგებდი ამ დავას, მაგრამ თანხა მაინც უკან დავაბრუნე. 

ეს რაც შეეხებოდა პირველ საკითხს. 

მეორე საკითხი, ბინების. აი, ეს საკითხი არის ინდიკატორი იმის, რა ხდება საერთოდ დღეს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩემი საჯარო მკვლელობა მოაწყოს და თქვას, რომ გვარამია იპარავს და დალექოს ეს მესიჯი. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი და არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის ნიკა გვარამია არ არის. ვიდრე მოგახსენებდეთ ამ მეორე საკითხის დეტალებს, აუცილებლად უნდა გავცე პასუხი ბიძინა ივანიშვილს:

კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილობ, დავამკვიდრო სტერეოტიპი, რომ შეიძლება, იყო მაღალი თანამდებობის პირი, შეიძლება, იყო კარგი ტიპი და არ იპარავდე. ეს არის ჩემი მორალური ხერხემალი. ზუსტად კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა. არცერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია. ერთხელ, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ეს ხაზი, მაგრამ სასამართლომ გამამართლა. ზუსტად ამ ხაზის გადაკვეთა იყო ინსპირაცია იმისა, რომ 7 წლის განმავლობაში მე მას ვაფარჩაკებდი და არასდროს ვნებდებოდი. ახლა მან ეს ხაზი მეორედ გადაკვეთა და მე მას ვპირდები - მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე. პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე და ვიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე, ვიდრე მას წარმოუდგენია. 

რაც შეეხება ბინების თემას. სამარცხვინო, ბრტყელ პიარს. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რუსთავი 2-მა იცის, რომ ჩემი მიტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება. ეს ამბად გავრცელდა რუსთავი 2-ში, ეს ნამდვილად ასე მოხდა და ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით. ამის, ყველაფრის საბუთი არსებობს. სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით. თქვე ნაბიჭვრებო, ხო გაქვთ ეს საბუთები? როგორ ბედავთ ჩემთვის რამის მოპარვის დაბრალებას, თქვე ნაბიჭვრებო. კიდევ ერთხელ, კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი. მათ შორის არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში".

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

კომენტარები