ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება პროკურატურის წინ საჯაროდ დახია

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ბრალდების დადგენილება, რომელიც მას პროკურატურაში გადასცეს, საჯაროდ დახია. 

მისივე თქმით, პროკურატურის განცხადებაში ნახსენები ბინების ეპიზოდი ბრალდების დადგენილებაში არ ფიგურირებს და ის სახელისა და ღირსების შელახვისთვის იჩივლებს. 

"დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან სახელისა და ღირსების შელახვისთვის. ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი, პროკურორმა გულუაშვილმა, უბრალოდ, იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს, მაგრამ ციხეში მაინც გულუაშვილი მოხვდება და ისიც გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ჩემ მიერ იყო ფული გადახდილი," - თქვა გვარამიამ. 

9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა გამოცხადდა, პროკურორმა გულუაშვილმა თქვა, რომ რუსთავი 2-მა 2016 წელს ნასყიდობით საკუთრებაში მიიღო ვაკეში მდებარე ორი ბინა, რომლებიც 2017 წელს საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას. 

"ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს "ინტერ მედია პლიუსს" ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში  602 521 ლარად", - თქვა გულუაშვილმა. 

ბრალის დადგენილების მიღებამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ ბინების ეპიზოდი ბრალში არ ფიგურირებს, გვარამიამ ამ ბრალდებას მედიის წინ უპასუხა: 

"მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რუსთავი 2-მა იცის, რომ ჩემი მიტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება. ეს ამბად გავრცელდა რუსთავი 2-ში, ეს ნამდვილად ასე მოხდა და ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით. ამის, ყველაფრის საბუთი არსებობს. სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით. თქვე ნაბიჭვრებო, ხო გაქვთ ეს საბუთები? როგორ ბედავთ ჩემთვის რამის მოპარვის დაბრალებას, თქვე ნაბიჭვრებო. კიდევ ერთხელ, კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი. მათ შორის არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში".

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

რა პასუხს სცემს ნიკა გვარამია პროკურატურის ბრალდებებს, წაიკითხეთ ვრცლად აქ. 

კომენტარები